
კრემლის რიტორიკა "ქართული ოცნების" პროპაგანდაში - მმართველი პარტიის ლიდერების გზავნილებზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.
"არ აქვს მნიშვნელობა არანაირ პარტიულ ინტერესებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ქართველი პოლიტიკოსის ცხოვრების მისია უნდა იყოს, გააკეთოს ყველაფერი, რომ იცხოვროს გაერთიანებულ საქართველოში... რა უნდა მოხდეს, რომ საქართველო გახდეს ერთიანი? პასუხი ცალსახა და მარტივია რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში... რუსეთი მარცხდება უკრაინაში. მარცხდება იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა არის ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკის 2% და მას უპირისპირდება სრულიად ცივილიზებული სამყარო. მარცხდება იმიტომ, რომ განვითარებული სამყაროსთვის რუსეთის დამარცხება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისთვის. მარცხდება გმირი უკრაინელი ხალხისა და მათ შორის გმირი ქართველი მებრძოლების თავგანწირვით. რუსეთმა დატოვა კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, სუმის ოლქები, დატოვეს ხერსონი ლიმანი იზიუმი და ბოლო რუსი ჯარისკაცი აუცილებლად დატოვებს უკრაინას. რუსეთის დამარცხება გარდაუვალია" ,- თქვა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ "რუსული ოცნება" არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას, რადგან ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა გულშემატკივრობს უკრაინას.
"მივმართავ ირაკლი კობახიძეს, რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია, უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მიისწრაფვის სიკეთის გამარჯვებისკენ და მისიის ქვეყნის გაერთიანებისკენ...პუტინის ლაქია, მსახური, კობახიძე იმსახურებს იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასანქცირებულთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში",- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ახლა საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია, რადგან უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს". იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემაც და თქვა, რომ რუსეთი "გაცილებით წინ არის წაწეული", რასაც მან სამწუხარო რეალობა უწოდა.