
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი დაიწყო. "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულს გუშინ ახალი ბრალი წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას გულისხმობს. პროცესს თავად ესებუა დისტანციურ რეჟიმში ერთვება, რადგან დაკავების შემდეგ, ის ბათუმის ციხეში გადაიყვანეს.
ახალი ბრალი ესებუას გუშინ, 9 თებერვალს წაუყენეს.
პროკურატურა მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
შეგახსენებთ, ესებუა ბრალდებულია 2020 წელს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში. ის 21 ოქტომბერს ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა, ხოლო მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. ესებუას თანხა გადასცეს, რის შემდეგაც მან გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.