"რუსეთი მიესალმება სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, თუ ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში წინააღმდეგობის შემცირებას, რეგიონში კი სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას", - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
მისივე განცხადებით, მოსკოვმა მის პარტნიორებს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა იმ ტიპის საერთაშორისო ფორმატებში, რომლებიც მათ ინტერესებში შედის.
„თუ ამ ინიციატივის მიღმა ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის კონტურები, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ სამმხრივი შეთანხმებების შესრულება სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის, მაშინ ეს სრულიად განსხვავებული ამბავია“, - განაცხადა ზახაროვამ.
მან კონფერენციაზე 3+3-ის ფორმატზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს მექანიზმი შესაძლებელს ხდის, რომ რეგიონის ქვეყნები "ერთად დაუპირისპირდნენ საერთო საფრთხეებს".
„ეს მექანიზმი შესაძლებელს ხდის რეგიონის კიდევ უფრო ფართო სპექტრის ქვეყნების ინტერესების გაერთიანებას. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მუშაობდეს მათ შორის არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრაზე, სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაზე, საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან საბრძოლველად" განაცხადა ზახაროვამ
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსი მაღალჩინოსნები საქართველოს 3+3 ფორმატში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. მანამდე, 31 იანვარს, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება.