
დაკავების შემდეგ პირველად, ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუა საკუთარ პროცესზე გამოჩნდა. ესებუა რომელიც 840 დღის განმავლობაში მიმალვაში იყო, ახლა ითხოვს რომ პროცესებზე ფიზიკურად დასწრების უფლება მისცენ.
ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში დღეს მისი დაკავების საქმე განიხილებოდა. ესებუას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ედება. პროცესზე ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა იმის გამო რომ ესებუას ბანკის ძარცვის საქმეზე უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ვინ გასცა ბადრი ესებუა და მიიღო თუ არა 500 ათას ლარიანი დაწესებული ჯილდო ? პროცესის შემდგომ კითხვა პროკურორს დავუსვით საქმის მასალებით რომელიც "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა დგინდება, რომ არსებობდა ოპერატიული ცნობა, ეს ინფორმაცია პროკურორმა დაადასტურა,თუმცა მიიღო თუ არა ჯილდო ესებუას ადგილმდებარეობის გამცემმა ჯერ უცნობია.
პრადას საფულე, რამდენიმე ათასი ლარი, ასიათასობით რუსული რუბლი, მეტრომანის ბარათი და აფხაზური პასპორტი ბესლან ანჩაბაძის სახელზე, ეს ბადრი ესებუას პირადი ნივთებია, რომელიც მისი დაკავების შემდეგ ჩხრეკისას ამოიღეს, დოკუმენტები ზუგდიდის პოლიციიდან "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. დაკავების ოქმით დგინდება რომ გომელაურის უწყებას წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ სოფელ ჯიხაშკარში ჯიქიების სახლში ნომერ პირველ ძებნილს დააკავებდნენ, პოლიცია იქ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოსაღებად მივიდა.
ირკვევა, რომ ესებუამ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევაც სცადა შედეგად კი სხეულზე დაზიანებები მიიღო, ვიზუალური დათვალიერებით ნომერ პირველ ძებნილს კისერში მარჯვენა ხელის მტევანზე და მარჯვენა მუხლზე დაზიანებები აღენიშნება.
ესებუას ოთახში შესულმა სამართალდამცველებმა ჩხრეკისას საწოლის მატრასზე მაკაროვის ტიპის დატენილი პისტოლეტი იპოვეს,იარაღთან ერთად მატრასზე რამდენიმე სათადარიგო მჭიდიც იდო.
ნომერ პირველი ძებნილის არსენალი კი უფრო საინტერესო მისი ჩანთის გახსნის შემდეგ გახდა საიდანაც დაახლოებით 50 ვაზნა ამოიღეს.
დიდი ოდენობით საბრძოლო მასალის გარდა, ირკვევა რომ ესებუას ჩანთაში 295 ათასი რუსული რუბლი და დაახლოებით 3000 ლარი ინახებოდა, ჩანთაში ესებუას პირადი მოხმარების ჰიგიენური ნივთებიც იდო, აღმოჩენილია ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში გაცემული პასპორტი. ბადრი ესებუას აფხაზეთში ბესლან ანჩაბაძის სახელთ იცნობენ, ამ მტკიცებულებებით ჩნდება განცდა, რომ ესებუა თავს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებდა და საოკუპაციო ზოლსაც ხშირად კვეთდა.
ბადრი ესებუა ამტკიცებს რომ ბანკი არ გაუძარცვავს, მეტიც ძარცვის დღეს ის ბანკში არც ყოფილა მთელი ეს დრო კი იმიტომ იმალებოდა რომ სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა და ფიქრობდა რომ გამოჩენის შემთხვევაში მას მოკლავდნენ.