მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, სახალხო დამცველის შუამავლობით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, ორშაბათს მოინახულებს.
გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" ცოტა ხნის წინ მოინახულა, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"აქვს სახსრების საშინელი ტკივილი, იმდენად, რომ ვერ იძინებს , ესაა სწორედ კუნთების გალევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, წონის კლებაა, სხვათა შორის, მინდოდა ამეწონა როგორმე, მაგრამ ოთახში სასწორი აღარაა. მე რაც მოვისმინე ტელევიზიით, რომ აპირებენ შეკრებას ექიმებთან ერთად და რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ შემოსვლასთან დაკავშირებით. ორშაბათი დასახელდა, რომ ორშაბათს შევიკრიბებითო", - თქვა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 10 თებერვალს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართა და მასთან დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლა ითხოვა. სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ გუშინვე განაცხადა, რომ დაგეგმილია ექიმებთან სამუშაო შეხვედრა და თუ ამის საჭიროება იქნება, ისინი მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ.