
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ კონსილიუმის ექიმები მიხეილ სააკაშვილის, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მოინახულებენ. როგორც მან აღნიშნა, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არაა.
გიორგი გრიგოლია ასევე გამოეხმაურა კლინიკა "ვივა მედიდან" CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი ჩანს.
"ამაზე უბრალოდ ლაპარაკია, ჯერ თარიღი გადაწყვეტილი არაა, ალბათ, შეგვატყობინებენ, მე ვფიქრობ, იმ კვირაში იქნება. ვნახე [CNN-ის კადრები] მძიმე შთაბეჭდილება [დამრჩა], კადრები მაინც სხვა არის, როცა ხედავ მაშინ სხვა არის, ჩვენ უშუალოდ ვნახეთ 4 დეკემბერს და იმის შემდეგ, კიდევ შეცვლილია მდგომარეობა", - თქვა გიორგი გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართა და მასთან დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლა ითხოვა. სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ გუშინვე განაცხადა, რომ დაგეგმილია ექიმებთან სამუშაო შეხვედრა და თუ ამის საჭიროება იქნება, ისინი მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ.