
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მთელი ღამის განმავლობაში კლინიკაში ექიმთა გუნდი მორიგეობდა, რადგან მიხეილ სააკაშვილს ტკივილები ჰქონდა. ინფორმაციას გიული ალასანია ავრცელებს,რომელმაც სააკაშვილი დღეს მოინახულა.
"გათენებისას ჩამეძინაო თქვა, ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს და იმის შემდეგ, იმიტომ რომ კიდევ იყო სახსრების ტკივილები. კვებაზე ვლაპარაკობ და საკმარისია, ორი ლუკმა ჩაიდოს და ეწყება მაჯის ბაგა-ბუგი, უჩქარდება, საშინელი ტაქიკარდია ეწყება. სწრაფი მაჯა რომ ჰქონდა, მორიგე ექიმი შემოვიდა, გაუსინჯეს. განა ყურადღება აკლია, ეს ადამიანები, რაც შეუძლიათ აკეთებენ", - თქვა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართა და მასთან დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლა ითხოვა. სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ გუშინვე განაცხადა, რომ დაგეგმილია ექიმებთან სამუშაო შეხვედრა და თუ ამის საჭიროება იქნება, ისინი მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოინახულებენ.