"მთავარი არხის" სარედაქციო ჩასწორება

გამოქვეყნდა:

გუშინ, "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟში ითქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის მფლობელი, 2018 წლიდან, აბრაჰამ რეიხბახია, რომელსაც კომპანია ნიკოლოზ გეჯაძემ გადაუფორმა. ჩვენს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რეიხბახი ასევე ფლობს გეჯაძის მიერ დაფუძნებულ სხვა კომპანიებსაც და უკვე ჩნდებიან "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები - "ბი დი ჯი ფროფერთი მენეჯმენტი" ასევე იყო ნიკოლოზ გეჯაძის მიერ დაარსებული. ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, ეს კომპანიაც რეიხბახის მფლობელობაშია და "ბი დი ჯი" გამოჩნდა დეკლარაციაში, რომელიც გაფორმებული ჰქონდა კოტე ყიფიანს, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსს 2013 წელს. ამავე დოკუმენტაციაში გამოჩნდა მისი მეუღლის, ნინო კუსრაშვილის სახელი და გვარი. ეს კომპანია მოსეშვილის ქუჩაზე იყო განთავსებული, ამავე მისამართზე საეჭვოდ არის განთავსებული "ტროლების" და "ბოტების" ქარხანა, ამ თემასთან ეს არის საეჭვო დამთხვევა. 

რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, ჩვენ კოტე ყიფიანი დაგვიკავშირდა. განმარტა, რომ საქართველოში 2014 წლის შემდეგ აღარ იმყოფება, კომპანია კი, 2013 წელს, ამერიკელ ინვესტორზე, აბრაჰამ რეიხბახზე შუამავალი პირის მეშვეობით გაყიდა. რაც შეეხება თემურ პატარიძეს - კოტე ყიფიანი ამბობს, რომ ეს სხვა პიროვნებაა, "მთავარი არხის" ეთერში ნახსენები თემურ პატარიძე კი, სხვა. "თემურ პატარიძეს კუდში არასდროს უმუშავია და არც სახელმწიფო სამსახურში. მხოლოდ სახელი და გვარი ემთხვევა ყოფილი კუდის თანამშრომლის; შეგიძლიათ შეამოწმოთ პირადი ნომრები, ასაკი, და ა.შ."

გიგა გიორგაძესთან დაკავშირებით ყიფიანი კი ამბობს, რომ მის კომპანიაში ის 2008-10 წლებში მუშაობდა, რის შემდეგაც, 2010 წელს ტელეკომპანია "იმედში", შემდეგ კი უკვე 2012 წლიდან, სახელმწიფო სამსახურში გადავიდა. 

ასე რომ, კავშირი "ოცნების მაღალჩინოსნებთან საერთოდ ნოლია. არანაირი კავშირი არ აქვს გიგა გიორგაძეს და არც მე. ერთადერთი, იყო კორნელი, ასეთი პიროვნება, რომელიც მოვიდა და იყიდა გასაქირავებელი ოფისი მოსაშვილის 24-ში. ეს არის ამ ისტორიის თავი და ბოლო. 2013 წლის აგვისტოს შემდეგ, ამ ხალხთან ჩვენ საერთოდ არანაირი შეხება არ გვქონია. რას აკეთებდნენ, ვინ იყვნენ, როგორ იყვნენ, არც გვაინტერესებდა და არც იყო ჩვენი კომპეტენცია, რომ დავინტერესებულიყავით, - ამბობს ყიფიანი. 

"მთავარი არხი" აბრაჰამ რეიხბახით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებული და დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი სამსახური სწორედ მისი კუთვნილი კომპანია ZAG-ია. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, ორი დღის წინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორი დღის წინ, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა კომპიუტერში მხოლოდ ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი