ერთ ნამუშევარს აქვს დაზიანება, დამევალა რესტავრაცია - რესტავრატორი ორბელიანებიდან წაღებულ ნახატზე

გამოქვეყნდა:

რესტავრატორები და კულტურის სამინისტროს გენინსპექციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ორბელიანების სასახლიდან სვიმონ დადიანის 5 ექსპონატის გატანის მიზეზი ერთ-ერთი ნიმუშის დაზიანებაა.

რესტავრატორ ნუცა ადეიშვილის თქმით, მუზეუმმა მას ექსპონატების მონიტორინგი დაავალა, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ნამუშევარს დაზიანება აქვს და საჭიროა მისი რესტავრაცია. როგორც ადეიშვილმა აღნიშნა, დაზიანება უმნიშვნელოა და უცნობია, როდის ან როგორ მოხდა ეს.

"მუზეუმის ხელმძღვანელის მითითებით, ჩემს მიერ ექსპონატთა მონიტორინგის დროს აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ნამუშევარს აღენიშნება მცირე ზომის ჩახევა, რომელიც მანამდე არსებულ დოკუმენტაციაში არ ფიქსირდებოდა, ამის გამო, მუზეუმის ხელმძღვანელობისგან დამევალა ამ ნამუშევრის კონსერვაცია-რესტავრაცია. ეს არის ძალიან მცირე ზომის უმნიშვნელო დაზიანება, ჩახევის სახით, რომელიც არის მექანიკური დაზიანება, ზუსტად წარმოშობას ვერ ვიტყვით, თუმცა მექანიკურად არის მომხდარი. ნამუშევრები ფოტო-ფიქსაციის და ლაბორატორიული კვლევის მიზნით დავაბრუნეთ მუზეუმში", - თქვა რესტავრატორმა ნუცა ადეიშვილმა.

კულტურისა და მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, კონსტანტინე ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ნამუშევარს დაზიანება ნამდვილად აღენიშნება, თუმცა ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ზიანი ნამუშევრისთვის, ადმინისტრაციაში, თუ ზოგადად დაზიანებული მიიტანეს სასახლეში.  რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გენინსპექციის შესვლას,  კონსტანტინე ნაცვლიშვილი აღნიშნულს პოლიტიკურ თავდასხმას უკავშირებს. თავად ზურაბიშვილს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ორბელიანების სასახლეში დღეს მივიდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა მხატვარ სანდრო სულაბერიძის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი