
რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ნოვიკოვი ამბობს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების მომხრეა.
მისი მტკიცებით, რუსეთმა "მძიმე პერიოდი" გამოიარა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, თუმცა საქართველოში არის ბევრი მოქალაქე, რომელიც კრემლს თანაუგრძნობს.
"ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არის უამრავი მოქალაქე, რომელიც ძალიან თანაუგრძნობს რუსეთის ფედერაციას, მხარს უჭერენ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი საავიაციო კომუნიკაციების აღდგენას", - თქვა მან.
მისი თქმით, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით საკითხის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ახლა შესწავლილი უნდა იყოს - "მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ღირდეს ამ სახელმწიფოსთან სავიზო რეჟიმის სერიოზულად შემსუბუქება".
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება". მან ქართული ოცნება შეაქო იმისთვისაც, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ლავროვის განცხადებებს "ქართული ოცნების" ლიდერები კმაყოფილებით შეხვდნენ და თქვეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "მისასალმებელი იქნება".
იხილეთ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების კომენტარები: