ევროკავშირმა რუსეთი ოფშორების შავ სიაში შეიყვანა - შესაბამის განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რუსეთი აღნიშნულ სიას დუმის მიერ, 2022 წელს მიღებული კანონის გამო დაემატა. როგორც ევროკომისიის კოდექსის შემოწმების გუნდმა დაადგინა, დამტკიცებული საგადასახადო კანონი ეწინააღმდეგება საგადასახადო მართვის კრიტერიუმებს, რომლებიც მკაცრად არის ევროკავშირის ქცევის კოდექსით განსაზღვრული.
ამასთან ერთად, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საგადასახადო საკითხებზე დიალოგი რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიულო ომის გამო შეჩერდა.
რუსეთის გარდა, სიაში ევროკომისიამ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კოსტა რიკა და მარშალის კუნძულები შეიყვანა. შესაბამისად, სია ახლა 16 სახელმწიფოსგან შედგება.
ცნობისთვის, ევროკავშირის ოფშორების შავი სია 2017 წლიდან მოქმედებს. მისი მიზანია, მსოფლიოს გარშემო გადასახადების თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა. სია შედგება იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც ვერ ან არ შეასრულეს ვალდებულებები, შეექმნათ კარგი საგადასახადო სამმართველო სისტემა.