ფურცხვანიძეს, მისი კომპანიის თანამშრომელს, "მშენ-ექსპერტის" დირექტორსა და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმდათ

გამოქვეყნდა:

გენერალური პროკურატურის განცხადებით, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, "გრინსერვისი +"-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, "მშენ-ექსპერტი"-ს დირექტორსა და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა.

უწყების ცნობით,  "გრინსერვისი+“-ის დირექტორს ბრალდება დაუმძიმა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი);

"გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი)

"მშენ-ექსპერტი"-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე.

სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა კერძოდ, პროექტის ცვლილებები, რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები.

2022 წლის აგვისტოში, ,,გრინსერვის+“-მა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დაასრულა. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ამის შემდეგ, ,,გრინსერვის+“-მა შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ,,მშენ-ექსპერტთან“ ხელშეკრულება გააფორმა.

,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.

"მშენ - ექსპერტის" დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელმა . ,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა, კერძოდ, თითქოს მათ შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან.

მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს, ,,მშენ-ექსპერტი“-ს ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა", - წერია უწყების განცხადებაში. 

საქმეზე სულ ბრალდებულია 9 პირი, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი