დაპირისპირება ენმ-ს კასპის ორგანიზაციაში - ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა, ფრაქციის თავმჯდომარე გადააყენეს

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციაში. საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას  ჩამოაცილეს  ზურაბ შუკაკიძე,  რომელიც რეგიონში ხაბეიშვილის გუნდის წევრად მოიაზრება და მის მაგივრად, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ალექსანდრე შაქარაშვილი დანიშნეს.  

"მე ხაბეიშვილის მხარდამჭერი ვიყავი და ისინი მელიას მხარდამჭერები, ამის გამო მოხდა ჩემი გადაყენება" - ამბობს ზურაბ შუკაკიძე.

ენმ-ს შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა შუკაკიძის გადაყენების შემდეგ ფეისბუქზე დაწერა - "კასპის საკრებულოში ტურები ყმუიან. ყველაფერი დაკარგეს 4 სკამის და ხელფასის გამო. პასუხი იქნება შესაბამისი."

მელიას გუნდის წევრები ბადრი ბასიშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

"რა ქვის ტურები ყმუიან კასპის საკრებულოში?! თუ ჩვენ ვიმსახურებთ ამ ფორმით მოხსენიებას, მივიღებთ ამას და პარტიისთვის რაიმე ღალატის ნაბიჯი გადაგვიდგამს, მივიღებთ ამას, თუმცა როგორც ადამიანისთვის და დეპუტატისთვის ეს არის შეურაცხმყოფელი და რეგიონის ხელმძღვანელისგან ვითხოვ ადეკვატურ პასუხს და ზუსტად ბოდიშის მოხდას, ვინაიდან აღნიშნულს არ ვიმსახურებთ"  - ამბობს გიორგი შარიფაშვილი, საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან.

შეგახსენებთ, რომ კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ნონიაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით,  მისთვის მიუღებელია მმართველობის ის ფორმა, რომელიც პარტიის მენეჯმენტში ყალიბდება და არ იზიარებს მათ მიდგომებსა და ქცევის სტანდარტს.

ნონიაშვილის მოვალეობას ენმ-ს შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილი შეასრულებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი