
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა, სადაც თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
CNN-ის ცნობით, დიპლომატებმა ჰათაის პროვინციაში მიწისძვრისგან დაზარალებული რაიონები მოინახულეს. ცნობილია, რომ ბლინკენი ჩავუშოღლუსთან თურქეთის დახმარების საკითხებს განიხილავს.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს გამთენიისას მოხდა. მიწისძვრას ორივე ქვეყანაში 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში 345 000 საცხოვრებელი განადგურდა და ბევრი ადამიანი ისევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. არც თურქეთს და არც სირიას დაკარგული ადამიანების რაოდენობა ოფიციალურად არ გამოუცხადებია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიაში 26 მილიონამდე ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.