"შეერთებული შტატები აქ არის" | ბლინკენი თურქეთისთვის დამატებითი დახმარების გაგზავნას აანონსებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, კვირას, თურქეთისთვის დამატებითი დახმარების შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი ანკარას გრძელვადიან დახმარებას გაუწევს, რათა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხოს. 

თურქეთში ვიზიტად მყოფი ბლინკენი ინჯირლიკის საჰაერო ძალების ბაზას ესტუმრა და სწორედ იქ წარიმართა დისკუსია, როგორ შეუძლია ვაშინგტონს ქვეყნის შემდგომი დახმარება. რის შემდეგაც ის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად ვერტმფრენით გაემგზავრა, რათა ზემოდან დაენახა ჰათაის პროვინციაში მიწისვრის შედეგად განადგურებული შენობები და ინფრასტრუქტურა. 

ბლინკენის თქმით, დახმარება გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ სამძებრო სამუშაოები სრულდება.

„როდესაც ხედავთ ზარალის ზომას, შენობების რაოდენობას, ბინების რაოდენობას, დანგრეული სახლების რაოდენობას, დიდი ძალისხმევა დასჭირდება აღსადგენად, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თურქეთს ამ ძალისხმევაში...

ამჟამად ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარების მიღებაა. მარტივად რომ ვთქვათ, შეერთებული შტატები აქ არის“, - თქვა მან.

მანამდე, შეერთებულმა შტატებმა თურქეთში სამძებრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა, ასევე, დამანგრევლი 
მიწისძვრით დაზარალებულ ქვეყნებში, თურქეთსა და სირიაში აშშ-მ 85 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. 

ბლინკენმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს 50 მილიონი დოლარის გამოყოფას ლტოლვილთა და მიგრაციის სასწრაფო დახმარების ფონდებში (ERMA) თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის საპასუხოდ. ჯამში, ცნობილია, რომ აშშ-ის მიერ ორი ქვეყნისადმი გამოყოფილმა თანხამ 185 მილიონ დოლარს მიაღწია. 

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში 19 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრებს 46 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

Reuters-ის ცნობით, თურქეთში მიწისძვრების შედეგად 345 000 საცხოვრებელი განადგურდა, მილიონზე მეტი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ასობით ადამიანი. თურქეთი და სირია დაკარგულების რაოდენობის შესახებ ოფიციალურად არ საუბრობენ. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიაში 26 მილიონამდე ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი