ანაკლიის პორტის მშენებლობას წელს დავიწყებთ, ინვესტორის შემოსვლას არ დაველოდებით - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღესვე დაიწყებენ ოფიციალურ მოქმედებას, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პორტი წელსვე აშენდება და სახელმწიფო ინვესტორის შემოსვლას არ დაელოდებიან.

"დღეს ჩვენ დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის პროცედურებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი, ამ პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, 49 %-ზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და მოვიწვევთ პოტენციურ ინვესტორებს, მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით მათ შემოსვლას, ჩვენ დავიწყებთ წელს სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტის გაფართოების და სხვა კონცეფციებზე ვმუშაობთ აქტიურად. ასე რომ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური სიახლეები",- თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე იყო, საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება 2020 წელს გაწყვიტა. საქმეზე დავა საერთაშორისო არბიტრაჟში გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი