"მთავარის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც ესებუას ადგილსამყოფელზე პოლიციას შეატყობინა, შსს-ს თანამშრომელია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც ბადრი ესებუას ადგილსამყოფლის შესახებ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ის სავარაუდოდ, პოლიციის მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოს მიიღებს.

"მთავარის" ინფორმაციით, პირი ზუგდიდში ცხოვრობს და ბადრი ესებუას კარგად იცნობს. საქმის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" მის ვინაობას არ ასახელებს.

რაც შეეხება ესებუას საქმეს, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის პროცესი ზუგდიდის სასამართლოში დღეს გაიმართა. დაცვის მხარემ შუამდგომლობის გასაცნობად დრო ითხოვა, რის გამოც სხდომა გადაიდო.

ცნობილია, რომ თავად ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, ესებუას მთავარი ამოცანა პატიმრობიდან მისი ძმის, ბიძინა ესებუას გათავისუფლებაა.

"მისი მთავარი ამოცანაა, ტყვეობიდან გათავისუფლდეს მისი ძმა, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა და ულტიმატუმის გამო ზის, რომელიც ზოგადად, დიდ დარტყმას აყენებს მის ოჯახს", - თქვა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო. საქმეზე ზუგდიდის სასამართლოში სხდომა დღეს, 20 თებერვალს გაიმართება.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი