პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ საწვავის ფასების კლება გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ზედა ზღვარის, "ჭერის" დაწესება არ გამორიცხა.
მისი თქმით, მინისტრებმა მსხვილ იმპორტიორებთან შეხვედრა გამართეს და გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც მათ აქვთ დაწესებული არ იყო გონივრული.
"ფასები არის ძალიან შემცირებული ნავთობზე, ის ნავთობი რომელიც შემოაქვთ იმპორტიორებს, საკმაოდ შემცირებულია. რა თქმა უნდა მათი არგუმენტები ჩვენ მოვისმინეთ, საკითხი შეეხებოდა მარაგების მართვას. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავითვალისწინებთ მათ არგუმენტებს, ეს ბუნებრივია, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ რაციონალური და გონივრული მარჟებით არ გაგრძელდება მუშაობა, აქაც გვაქვს გარკვეული ბერკეტები. მე არ მინდოდა ამის თქმა, თუმცა მთავრობას აქვს ნებისმიერ დროს ბერკეტები, რეგულაციები. შეგვიძლია ჩვენ დავკეტოთ მაგალითად, ისე როგორც ევროპის ქვეყნებში გააკეთეს. ენერგო კრიზისი არის დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მსოფლიოში და ევროპაში და ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მაღალ ფასებთან ბრძოლა ე.წ. „დაკეტვით“, ანუ ზედა ზღვარი განსაზღვრეს, „ჭერი“ განსაზღვრეს. ასე რომ, ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, იმედი გვაქვს და ვეფუძნებით იმ საუბარს, რომელიც გაიმართა. ოპტიმისტური განწყობით დავშორდით და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე კიდევ გაგრძელდება აქტიურად თვის ბოლომდე საწვავზე ფასების კლება", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მიიღეს დაპირება, რომ ფასის კლება გაგრძელდება.