საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააკეთონ განმარტება რუსი ჟურნალისტის, ფილიპ ძაიდკო საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე.
ქარტიის განცხადებით, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს შეასრულოს მისი პროფესიული მოვალეობა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ მომუშავე ჟურნალისტებს საქართველოს დახმარება სჭირდებათ.
"ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს.
2022 წლის 5 მარტს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხეილ ფიშმანი.
2021 წლის 18 ნოემბერს, უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს.
2021 წლის 27 ოქტომბერს, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს, ამის ფონზე საქართველოს დახმარება სჭირდებათ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს", - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსულმა ოპოზიციურმა მედია ДОЖДЬ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს პუტინის ხელისუფლების კრიტიკოსი მწერალი და ჟურნალისტი, ფილიპ ძაიდკო. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს 18:00 საათზე "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია აეროპორტში მივა.