თქვენც ამ "უცხოური ფულით" იკვებებით, დადიხართ მივლინებებში, ატარებთ შეხვედრებს და ა.შ. - თოლორაია "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონს ეხმაურება და წერს, რომ "ქართული ოცნებას" სწორედ იგივე  "უცხოური ფულით" იკვებება, დადიან ტრენინგებზე, მართავენ შეხვედრებს. მისი თქმით ამ "უცხოური გავლენით" ნახეს საჯარო მოხელეებმა ამერიკა, ევროპა და განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუტები.

მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლებამ გააუქმა ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც ვერ აკონტროლებდა, ხოლო რაც ვერ გააუქმა, ელოდება, რომ ხელმძღვანელად სასურველი კანდიდატები დანიშნოს.

"ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი კიდევ უფრო მეტად ხურავს კარს გამჭვირვალობისთვის, თუმცა ამ დროს ხელისუფლებისთვის თითქოს ,,არსებითად მნიშვნელოვანი გახდა” არასამთავრობო სექტორისა და მედიის გამჭვირვალობა (რომელიც სხვა კანონებით უკვე უზრუნველყოფილია).

სამოქალაქო სექტორს ,,უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებთ (მხოლოდ იმიტომ რომ მათი საქმიანობისთვის დაფინანსება საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიიღეს), მაშინ როცა ამ ,,უცხოური გავლენით” ნახა ყველა საჯარო მოხელემ (პოლიციელმა, პროკურორმა, მოსამართლემ) ამერიკა, ევროპა და განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუტები, მაშინ როცა ამ ,,უცხოური ფულით” დადიან დღეს ტრენინგებზე საჯარო მოხელეები, მაშინ როცა ამ ,,უცხოური ფულით” გატარდა საქართველოში ხელშესახები რეფორმები, მაშინ როცა ამ ,,უცხოური გავლენით” არის შესაძლებელი ნორმალური განათლების მიღება საზღვარგარეთ, მაშინ როცა თქვენ თვითონაც ამ ფულით იკვებებით (დადიხართ მივლინებებში, ატარებთ შეხვედრებს) და ა.შ.

მთელი ჩემი ცხოვრება საჯარო სამსახურში ვიმუშავე და დიახ, ზოგჯერ ცუდად მხვდებოდა ყურში NGO-ს და მედიის კრიტიკა, მაგრამ ეს კრიტიკა იყო ზუსტად ის რაც გაფხიზლებდა და უკეთესის გაკეთებისკენ გიბიძგებდა ადამიანს.

ამ რუსული კანონის მიღებით, თქვენ მხოლოდ სამოქალაქო სექტორს და მედიას კი არ უქმნით საფრთხეს, საკუთარი თავებისთვისაც გამოგაქვთ ძალიან მძიმე განაჩენი და ამას ეხლა თუ არა, ძალიან მალე მიხვდებით", - წერს ლონდა თოლორაია. 

ცნობისთვის, 14 თებერვალს "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი "უცხოური ძალებიდან" მოდის. "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ კანონპროექტის მიხევდით იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები - "ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან".

"გამიჯნულებისა" და "ოცნების" გარდა, ყველა დემოკრატიული ორგანიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე დასავლელი პარტნიორები მკაცრ შეფასებას აძლევენ აღნიშნულ ინიციატივას და ამბობენ, რომ მისი განხილვაც კი ქვეყნის ევროპული მომავლის დივერსიაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი