
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები "არასაკადრისია", - ამის შესახებ მან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ "პრეზიდენტთან", ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის აკვირდება სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და თვლის, რომ "ის შორიდან არ ჩანს სწორად".
"ასლან გეორგიევიჩ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ბელარუსში. ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით დაინტერესებულები თქვენს რესპუბლიკასთან თანამშრომლობით და მე ამის შესახებ ვისაუბრე კიდეც თქვენი შესანიშნავი ქვეყნის მონახულებისას. რატომღაც საქართველოს ხელისუფლება ძალიან მძაფრად რეაგირებს ამ კავშირებზე. ნუთუ ადამიანებს შორის არ შეიძლება იყოს ნორმალური, თბილი ურთიერთობები? იქნებ ამ კონტაქტებმა დადებითი როლიც შეასრულოს აფხაზ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში. ჩვენ ხომ არასდროს ვგეგმავდით არანაირ აქციებს თბილისის მიმართ. მე ახლა ვაკვირდები სიტუაციას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი კარგად არ გამოიყურება, რადგან ის მაინც ყოფილი პრეზიდენტია. მაგრამ რატომ ვამბობ ამას? ჩვენ ხომ არ ჩავრეულვართ არაფერში, არც არანაირი შეფასება არ გაგვიკეთებია. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვქონდა და გვაქვს თბილისთან. რატომ რეაგირებენ ისინი ასე მძაფრად, იქნებ თქვენ დამეხმაროთ ამის გაგებაში." თქვა ლუკაშენკომ.
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო "პრეზიდენტი" მინსკში დღეს, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ, ინალ არძინბასთან ერთად ჩავიდა.
რუსეთის მარიონეტის "ვიზიტს" ბელარუსში, საქართველოს ხელისუფლება და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ არ გამოხმაურებია.
იხილეთ: