
ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო Netgazet-თან უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროკავშირი ინიციატივით შეშფოთებულია.
"შემაშფოთებელია „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე, საკვანძოა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და 12 პრიორიტეტის ნაწილია", - ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაში, რომელიც Netgazet-მა წერილობითი კითხვის საპასუხოდ მიიღო.
ევროკავშირის სპიკერმა, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და საქართველოს მიერ ხელმოწერილ პაქტზე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომლის დარღვევაც იქნებოდა გაერთიანების უფლების შეზღუდვა.
"საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ მოვალეობა, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს, ასევე გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს რესურსებზე ხელმისაწვდომობას, დაფინანსების ჩათვლით, როგორც გაერთიანების თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლში, რომლის მხარეც საქართველოა. საშინაო და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, არამედ ის უნდა იყოს ხელშეწყობილი, როგორც აუცილებელი სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და მნიშვნელოვანი მუშაობისთვის", - აცხადებს პიტერ სტანო ნეტგაზეთთან.
ცნობისთვის, 14 თებერვალს "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონი საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათი მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეადგინეს და სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს. "გამიჯნულებისა" და "ოცნების" გარდა, ყველა დემოკრატიული ორგანიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე დასავლელი პარტნიორები მკაცრ შეფასებას აძლევენ აღნიშნულ ინიციატივას და ამბობენ, რომ მისი განხილვაც კი ქვეყნის ევროპული მომავლის დივერსიაა.
ამავე თემაზე: