საკონსტიტუციო სასამართლომ ოთხი ტელევიზიის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

2023 წლის 22 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "მთავარი არხის", "ტვ პირველის", "კავკასიას", "ფორმულას",  ირაკლი საღინაძის, გიორგი ლიფონავასა და ქეთევან დევდარიანის სარჩელი. 

საქმე ეხება მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის მასალების გავრცელების შეზღუდვას.

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა მაუწყებლის მიერ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისაგან ბავშვის დაცვის, სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმების გამოყენებისა და პროგრამების სამაუწყებლო ბადეში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განთავსების ვალდებულებებს.

სადავო ნორმები ასევე უკრძალავდა მაუწყებელს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/პროგრამის გადაცემას. გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, მაუწყებელს უნდა განესაზღვრა პროგრამათა კატეგორიები და სამაუწყებლო ბადეში პროგრამათა განთავსებისას ეხელმძღვანელა კანონით დადგენილი დროითი შეზღუდვებით. გასაჩივრებული ნორმები, ასევე, ითვალისწინებდა მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლისთვის შესაბამისი სანქციის დაკისრების შემთხვევებს.

"მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმები მათ ართმევდა და განსაზღვრული დროით უზღუდავდა შესაძლებლობას, მათთვის სასურველი საშუალებით მიეღოთ/გაევრცელებინათ კონკრეტული შინაარსის მქონე ინფორმაცია. მათი განმარტებით, განუჭვრეტელი ნორმების საფუძველზე გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება წარმოადგენდა ამ უფლების შეზღუდვისათვის კონსტიტუციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევას. მოსარჩელეთა განცხადებით, ასეთ შინაარსობრივ რეგულირებას ექვემდებარება გამოხატვის თავისუფლებით დაცული ისეთი კონტენტიც, რომლის შეზღუდვასაც ბავშვთა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ასევე, მოსარჩელეები ამბობდნენ, რომ სადავო ნორმათა ასეთი განუსაზღვრელობა არა მხოლოდ „მსუსხავ ეფექტს“ ქმნიდა მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაზე, არამედ შეიცავდა ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტსაც.

"იგი მაუწყებლებს აიძულებდა, უწყვეტ კოორდინაციაში ყოფილიყვნენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და, სანქციის შიშით, წინასწარ დაეზუსტებინათ მათ მიერ გადაცემული პროგრამის ან პროგრამაში განთავსებული მასალის შინაარსი", - წერია განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ მუხლები, რომელიც ითვალისწინებდა მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვანისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/მასალის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გადაცემისათვის ისეთ პირობებში, როდესაც მაუწყებელმა, შესაბამის გარემოებებში სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ღონისძიების მიმართვის მიუხედავად, ვერ განჭვრიტა და არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ამგვარი მასალის ეთერში მოხვედრის შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირდაპირი ეთერის დროს მაუწყებელი, რედაქცია თუ ცალკეული ჟურნალისტები არ თავისუფლდებიან მოვალეობისა და პასუხისმგებლობისაგან, ყურადღებით შეისწავლონ გასაშუქებელი საკითხები, რამდენადაც შესაძლებელია, განჭვრიტონ მოსალოდნელი რისკები, რათა ნებსით თუ უნებლიედ არ გახდნენ ბავშვის ინტერესებისათვის საზიანო კონტენტის გამავრცელებლები. აგრეთვე, სადაც შესაძლებელია, მყისიერად გაემიჯნონ ამგვარ ინფორმაციასა და მოსაზრებებს და გააკეთონ გამაფრთხილებელი მითითებები.

"თუმცა სასამართლომ ისიც აღიარა, რომ ეს შეიძლება ყოველთვის არ იყოს განხორციელებადი და მაუწყებელმა ობიექტური მიზეზების გამო, ვერ აიცილოს თავიდან გადაცემის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობისას ყველა შესაძლო საფრთხე, რის გამოც მაუწყებელი სავარაუდოდ გახდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისი სანქციის სუბიექტი. სასამართლოს აზრით, ამგვარ შემთხვევაში, ოღონდ იმ პირობით, თუკი დადგინდა, რომ მაუწყებელმა განახორციელა, გამოხატვის თავისუფლებისაგან განუყოფელი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სიფრთხილის ყველა ღონისძიება, მათ შორის, შეასრულა ის ვალდებულებებიც, რომლებიც უშუალოდ მედიის საშუალებებს ეკისრება მათი დიდი თავისუფლების დასაბალანსებლად, გამორიცხული უნდა იყოს მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება", - წერია განცხადებაში. 

სასამართლო ამბობს, რომ კანონმდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს წინასწარ განუჭვრეტელი შემთხვევების გამო პასუხისმგებლობის დაკისრების ალბათობა მედია საშუალებისათვის, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს და, შესაბამის გარემოებებში, მიმართა სიფრთხილის ყველა შესაძლო ღონისძიებას. 

ბექაურის კანონპროექტს ჟურნალისტებმა და მიდიამენეჯერებმა ცენზურის დაკანონების მორიგი მცდელობა უწოდეს. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი