"მთავარი არხი" და ტელეკომპანია "კავკასია" მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ახალი რეგულაციების ინიციატორი კახა ბექაურია. ცვლილებები ძალაში 1 სექტემბრიდან შედის. ცვლილებების მიხედვით, მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის მასალების გავრცელება შეიზღუდება. კანონპროექტი ინიციტორების აზრით, მოზარდების ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად, თუმცა მედიის წარმომადგენლები ახალ რეგულაციებს ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებენ, რადგან მათი დარღვევის შემთხვევაში, მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, მაუწყებელს ლიცენზია ჩამოართვას.
თავისთავად ის, რომ ბავშვები მავნე ზეგავლენის მატარებელი ინფორმაციისგან უნდა დავიცვათ, ეს ყველასთვის გასაგებია და მათ შორის, სახელმწიფოსაც აქვს ამ მხრივ გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ იმდენად ზოგადი და ფართო ინტერპრეტაციის რესურსია იქ დატოვებული, რომ მაგალითად, ტრადიციული ქართული მულტფილმებიც კი შეიძლება იქ არსებული ძალადობის სცენების გამო სანქციების მიზეზი გახდეს, - ამბობს ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე.
ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებში შეტანილი განმარტებები ბუნდოვანია
ალკოჰოლის მოხმარების დადებითად წარმოჩენა არ შეიძლება და მაგალითად, თუ გავუშვი ეთერში სიმღერა "ღვინოვ კახურო", უკვე შეუძლია ბექაურს ლიცენზია ჩამომართვას, - აღნიშნავს ჯანგირაშვილი.
ახალი კანონპროექტის გამო ბექაურს მადლობას უხდის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.