
მარნეულში, სოფელ მეორე ქესალოში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
მკვლელობა 2022 წლის 14 ივლისს მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა სსკ-ის 108 მუხლი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.