"რუსული კანონის" მხარდამჭერ დეპუტატებს, ინიციატორებს, მათ ოჯახებს EU სანქციებს დაუწესებს - კვაჭანტირაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე წერს, რომ ევროპელი კოლეგებისგან მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "რუსული კანონის" მხარდამჭერი დეპუტატები და კანონპროექტის ინიციატორები დასანქცირდებიან. დამატებით, სანქციები შეეხებათ მათ ოჯახის წევრებსაც.

კვაჭანტირაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე სანქციები მოიცავს ევროკავშირის და შენგენის შეთანხმების ქვეყნების ტერიტორიაზე მათი შესვლის შეზღუდვას.

"ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სახელით შენიღბული სრულიად ანტიევროპული, "კუდიანებზე ნადირობის" დამკანონებელი კანონის მიღების შემთხვევაში, მისი მხარდამჭერი პარლამენტის წევრების და კანონპროექტის ინიციატორების მიმართ კი, დამატებით მათი ოჯახის წევრების მიმართაც, ევროკავშირის მიერ დაწესდება მკაცრი სანქციები, რომელიც პირველ ეტაპზე მოიცავს ევროკავშირის და შენგენის შეთანხმების ქვეყნების ტერიტორიაზე მათი შესვლის შეზღუდვას (საჭიროების შემთხვევაში დაიშვება მხოლოდ შესვლა უშუალოდ ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე) და პირად ეკონომიკურ სანქციებს.

შემდეგი ეტაპი, ალბათ იქნება სანქციები ქვეყნის მიმართ. იმედი არ მაქვს, მაგრამ აქამდე საქმე არ უნდა მივიდეს. (ჩემი, ყოფილი ევროპელი კოლეგებისგან დღეს მიღებული ინფორმაციაა.) - წერს ზვიად კვაჭანტირაძე. 

ცნობისთვის, 14 თებერვალს "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი "უცხოური ძალებიდან" მოდის. "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ კანონპროექტის მიხევდით იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები - "ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან".

"გამიჯნულებისა" და "ოცნების" გარდა, ყველა დემოკრატიული ორგანიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე დასავლელი პარტნიორები მკაცრ შეფასებას აძლევენ აღნიშნულ ინიციატივას და ამბობენ, რომ მისი განხილვაც კი ქვეყნის ევროპული მომავლის დივერსიაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი