
შალვა პაპუაშვილს, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქციის ორგანიზატორებს დღეს "პარაზიტები" უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე პასუხობს. ვაშაძის თქმით, აქციის არც ერთი ორგანიზატორი გარდა ელენე ხოშტარიასი, უკრაინაში არ წასულა და "ოცნების" ლიდერების განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციაა:
"აქციის არცერთი ორგანიზატორი, რომელთა რაოდენობა 100 ადამიანზე მეტია, არ წასულა საქართველოდან გარდა ელენე ხოშტარიასი, რომელმაც მას შემდეგ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა, როცა ხელისუფლება დაიმალა და უარი თქვა უკრაინის შემოთავაზებულ კიევში ჩასვლის მოწვევაზე.
ასე რომ, კობახიძისა და პაპუაშვილის ეს განცხადება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და 24 თებერვლის აქციასთან, მის ორგანიზებასთან, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს.
უფრო მეტიც, ხვალინდელი აქცია კიდევ ერთხელ აჩვენებს რა პასუხისმგებლობითა და ორგანიზებულობით შეგვიძლია საქმის კეთება და საზოგადოების დაკვეთის შესრულება." აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 24 თებერვალს, 19:00 საათზე თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება. სამზადისი უკვე დასრულებულია და ორგანიზატორები ამ დრომდე ბოლო დეტალებს ათანხმებენ. ხვალინდელ აქციას შეუერთდებიან სტუდენტებიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან.