
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვის გაკეთებული განცხადებების პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მას გაესაუბრება.
„მე გუშინ მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის რადას ხელმძღვანელთან, მივიღე მადლობა მისი მხრიდან, ჩვენი მხარდაჭერისთვის. ეს არის, რასაც მე ვაფასებ. უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება მას. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ პერიოდში, უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, არის ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ გადაკიდონ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, მაგრამ მე მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ეს დავამტკიცეთ“,- თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები არ აკვირვებს. მისი თქმით, გმობენ იმ ფაქტს, რომ პრო-სახელისუფლებო "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი "აგრძელებს შოუგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე".
იხილეთ კასიანოვის კომენტარები: