"კაწროს" საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია - ქარტია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თქმით, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია. 

როგორც მათ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გვარამიას წინააღმდეგ ქარტიას ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ცოლმა, ნათია რუხაიამ მიმართა. 

"მხარე სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი ყოფილიყო" - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს მოგვიანებით გამოაქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ბილანიშვილის, ე.წ. კაწროს ნაცვლად, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში მისმა ცოლმა, ნათია რუხაიამ უჩივლა. მაშინ ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობდა, რომ "მთავარმა არხმა" ბილანიშვილის მიმართ დაუსაბუთებელი, მტკიცებულებების გარეშე ბრალდებები გააჟღერა, "რამაც მას ძალინ დიდი მორალური ზიანი მიაყენა".

"მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას ეთიკის პრინციპები არ დაურღვევია. მისი თქმით, თავდაპირველად განმცხადებელი ავთანდი ბილანიშვილი იყო, მოგვიანებით კი ის ნათია რუხაიათი შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამია 11 ივლისს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. დაკითხვის შემდეგ მან აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის მონაწილეობას სამი სხვადასხვა წყარო უდასტურებს.

მანამდე, 8 ივლისს, გამოკითხვაზე იმყოფებოდა თავად ავთო ბილანიშვილიც. მაშინ ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ გამოძიებას ტელეფონის სრული ამონაწერი მისცეს და აღნიშნა, რომ ბილანიშვილი დანაშაულის ღამეს უბანში იმყოფებოდა და მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში "თეთრპერანგიანი" პირი ის არაა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება, მანამდე კი 27 ივლისს მცხეთის რაიონული სასამართლო, 17 დაკავებულიდან 11-სთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი