ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა, ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "აგენტებზე" კანონის ორივე ვერსიას პარლამენტში, პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერენ. მისი თქმით, ამის შემდეგ დაელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას და რომელ კანონპროექტზეც მიიღებენ დადებით დასკვნას, იმის განხილვას გააგრძელებენ.

კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ყველა შემთხვევაში მიიღებენ.

"ყველა შემთხვევაში, დასკვნა იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ იტყვის ბუნებრივია იმას, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა. შეიძლება იყოს ცალკეული კომენტარები ან ერთ ან მეორე ან ორივე კანონთან დაკავშირებით, ამ კომენტარებზე გვექნება, ბუნებრივია, მსჯელობა, მაგრამ აპრიორი გამორიცხულია ის რომ ან ერთზე, ან მეორეზე, ან ორივეზე იყოს წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნა, შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები, აქედან გამომდინარე, ჩვენ ან ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას", - თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, 27 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა და "ხალხის ძალის" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტების ორივე ვერსიას ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.

შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი