
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებული "რუსული კანონი" რუსული არაა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს კონკრეტული დასავლელი პარტნიორების განცხადებაზე, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის.
"ვინც ამბობს, რომ პირველი ვერსია არის რუსული კანონი, იტყუება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ვინც ამბობს, რომ პირველი კანონპროექტი არის რუსული, იტყუება. [ნედ პრაისი იტყუება?] მას მოატყუებინეს ასე გამოვიდა, შეცდომაში შეიყვანეს, მიუტანეს არასწორი ინფორმაცია და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის პირით ითქვა ტყუილი", - თქვა კობახიძემ.
ნედ პრაისის განცხადება იხილეთ:
შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.