რა ბანკის საქმეა, როგორ დავგეგმავ შთამომავლების მომავალს? ეს ოჯახის თავკაცმა უკეთ უწყის - ივანიშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"თუ ეს არ უნდა აწყობდეს ბანკს, თუ ეს არის მენეჯმენტის მხრიდან აბსოლუტურად არასაბანკო ინდუსტრიისთვის არადამახასიათებელი მოქმედებაა, თუ ეს აზიანებს შვეიცარიის საბანკო ინდუსტრიას, თუ ეს აზიანებს შვეიცარიის იმიჯს, მაშინ სად უნდა ვეძებოთ ჩვენ ახსნა განმარტება?", - ასე პასუხობს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ჟურნალისტის შეკითხვას, ებრძვის თუ არა დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს ბანკის ხელით.

ყიფიანის თქმით, ადვოკატებმა ბანკის ქმედებებს პოლიტიკური ზეწოლისა და პოლიტიკური შანტაჟის კვალიფიკაცია მისცეს, ხოლო ის, თუ ვინ დგას ამ შანტაჟის უკან, ეს უფრო ღრმა მსჯელობის საქმეა.

მისივე მტკიცებით, Credit Suisse ბიძინა ივანიშვილს არ აძლევს შესაძლებლობას საკუთარი თანხა ქველმოქმედებისთვის გამოიყენოს.

"წლების განმავლობაში მოგეხსენებათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის პირად სახსრებს მიმართავდა სხვადასხვა საქმიანობისთვის, ეს ცნობილი ფაქტია და ამაზე გავრცობა ჩვენს ინტერვიუში არ ღირს. მაგრამ, როცა მორიგ ჯერზე ჩვენ დავაპირეთ სწორედ ამ კონტექსტში თანხის წამოღება, ბანკმა ის კი არ დასვა კითხვის ნიშნის ქვეშ, რატომ მიგაქვს ამხელა თანხა საქველმოქმედოდო, არამედ აი ამოდენა თანხის მიმართვა ხომ არ აზარალებს შენი ოჯახის წევრების ფინანსურ ინტერესებს. აი ეს არის ჩვენთვის სწორედ ჩვენთვის ძალიან უცნაური ბმა, უცნაური დაკავშირება, ჯერ ეს ერთი რა ბანკის საქმე არის მე როგორ დავგეგმავ ჩემი შვილებისა და შთამომავლების მომავალს, ეს ალბათ ოჯახის თავკაცს უფრო უკეთ უწყის, ვიდრე სხვა ნებისმიერ სტრუქტურას", - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

ცნობისთვის, იურიდიულმა კომპანია MKD Law-მა ბიძინა ივანიშვილისა და Creddit Suiss-ის დავასთან დაკავშირებით დღეს, 28 თებერვალს, მორიგი განცხადება გაავრცელა. 

ივანიშვილის მიერ დაქირავებული კომპანია ბანკის მენეჯმენტს შანტაჟში ადანაშაულებს. 

მათი მტკიცებით, Credit Suisse ბიძინა ივანიშვილის საკუთარი თანხების საქველმოქმედოდ გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევს იმ მიზეზით, რომ იგი შეიძლება ივანიშვილის შთამომავლების ინტერესებს აზიანებდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი