"დღეს პარლამენტში იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "დღეს პარლამენტში იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია". როგორც კობახიძემ "იმედის ეთერში" თქვა, როდესაც ერთ დონეზე აყენებ ტიციან ტაბიძესა და ბაია პატარაიას, ეს ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხებაა. 

"მაგალითებზე როდესაც ვსაუბრობთ, მინდა რამდენიმე ციტატა წავიკითხო, კონკრეტული სახელებითა და გვარებით.

თამთა მიქელაძე: „ეკლესია საკუთარ გამდიდრებაზე ორიენტირებული ინსტიტუციაა“.

ნინია კაკაბაძე: „რა სინქრონულად სამარცხვინოები არიან ეს ჩვენი ხელისუფლება და ეკლესია“.

ბაია პატარაია: „ეკლესია და ილია მეორე მკვლელია“.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე: „ძალიან მიხარია, რომ ეს ბოროტების იმპერია ემხობა, წესიერი ხალხი, თუ ვინმე შემორჩა ეკლესიაში, უნდა წამოვიდეს წინ და ბნელები უნდა ჩაქვესკნელდენენ“.

გიორგი ბურჯანაძე: „კანონიერ ქურდებს რომ ჰქონდათ გავლენა ხელისუფლებაზე, პოლიციელებზე, ხომ გახსოვთ? იგივეა, როდესაც რელიგიური კონფესია ახდენს ხელისუფლებაზე ასე გავლენას და თავის ჭკუაზე ათამაშებს - სირცხვილია“.

ნახეთ, ეს არის პოლიტიკური პროპაგანდა იდენტობის წინააღმდეგ. როდესაც ერთ დონეზე აყენებ ტიციან ტაბიძესა და ბაია პატარაიას, ეს ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხებაა. ეს უნდა გავატაროთ. ამას როგორც კი გაატარებ, შენი იდენტობა იქ დამთავრდება. როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა. ეს არის მიზანმიმართული პროცესი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვისი დაფინანსებით აგინებენ ეკლესიას. დღეს პარლამენტში იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია - ეს საზოგადოებამ დაინახა და თავის შეფასებას მისცემს" -  თქვა კობახიძემ

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" რუსულ კანონს, პარლამენტში, საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი