
"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული და ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი "ხალხის ძალის" წევრი, ეკა სეფაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, ნედ პრაისს მოუწოდებს უფრო დაწვრილებით გაეცნოს ინფორმაციას პარლამენტში მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე.
ნედ პრაისმა აღნიშნული კანონპროექტი არაერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ ის არ არის ამერიკული კანონის ანალოგი. მისი თქმით, კანონის მიღებამ, შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
"ნედ პრაისს მოვუწოდებდი უფრო დაწვრილებით გაეცნოს იმ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ამ კანონპროექტს. ასევე გაეცნოს ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ მოწოდებებს საქართველოს მიმართ, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან და დაასახელოს კონკრეტული არგუმენტები, რით უშლის ხელს მეტი გამჭვირვალობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დაასახელოს კონკრეტული არგუმენტები და არა ასეთი ზოგადი და მოვუწოდებ, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისაგან თავი შეიკავოს", - თქვა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს". "ხალხის ძალის" ინიცირებულ ორივე კანონპროექტს ახლა იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
კომიტეტები პროტესტისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტში იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ჟურნალისტები. აქცია იმართებოდა პარლამენტის შენობის გარეთაც.