შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - პრაისი "რუსულ კანონზე"

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონპროექტს" და ამბობს, რომ კანონმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ინიცირებულ კანონპროექტს საფუძვლად არა ამერიკული, არამედ რუსული და უნგრული კანონმდებლობა უდევს.

"ღრმად გვაშფოთებს კანონპროექტის გავლენა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის მისი შესაძლო შედეგების გამო. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება პირდაპირ საქართველოს მთავრობასთან. ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც სურთ შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის. გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. განცხადებები, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს“, აშკარად სიცრუეა. კანონპროექტი, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ  როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს ანალოგიური რუსული და უნგრული კანონმდებლობა და არა ამერიკული", - თქვა ნედ პრაისმა. 

ცნობისთვის, 14 თებერვალს "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია. 

პირველი მოსმენით "ხალხის ძალაც" და "ქართული ოცნებაც" ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი