პოლონური მედიის ცნობით, "ქართული ოცნება" თანახმაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლონელმა ექიმებმა შეამოწმონ.
როგორც გამოცემა Polski Radio 24 წერს, მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და შვედეთის ელჩის, ულრიკ თიდერსტრომის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემული დემარშის შედეგია.
გამოცემის ცნობით, პოლონელი ექიმები საქართველოში გასამგზავრებლად უკვე მზად არიან.
ელჩებმა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ოფიციალური დემარში საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს 27 თებერვალს გადასცეს.
პოლონური მედიის თანახმად, დემარშის ინიციატორი ვარშავა იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასა და სამკურნალოდ მის პოლონეთში გაგზავნას მოითხოვდა.
Polski Radio 24 წერს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები, ხოლო საქართველოს მთავრობა უარყოფს.