ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრას მართავენ. ცნობილია, რომ მხარეებმა "ქართული ოცნების" რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო გეგმა უნდა შეაჯერონ.
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, ზურა ჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს პროტესტი და მოხდეს ძალის დემონსტრირება, რადგან, მისივე თქმით, "ქართულ ოცნებასთან" სხვანაირად საუბარი შეუძლებელია.
ჯაფარიძის თქმით, ამ კანონის დამტკიცება საქართველოს მოქალაქეებს არ უტოვებს ბევრ არჩევანს, ეს შეიძლება იყოს ან დარჩენა და ბრძოლა, ან ქვეყნიდან გაქცევა.
მანამდე საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსულტაციო შეხვედრა პარლამენტში "სტრატეგია აღმაშენებლის" ოთახშიც გამართა.
დღეს, 6 მარტს, მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში "ქართული ოცნების" რუსული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. განხილვა საზოგადოების მასობრივი პროტესტის ფონზე ტარდებოდა.
კანონის განხილვა დღეს 3 საათზე ბიუროშიც უნდა მომხდარიყო, თუმცა პროტესტის გამო იგი ხვალ 10 საათამდე გადაიდო.