გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას არ ენდობა და თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, თამარს სამომავლო გეგმები ჰქონდა და გაურკვეველია, რატომ უნდა მოეკლა თავი.
ორ სამსახურში მუშაობდა, მაგისტრატურის გამოცდებისთვის ემზადებოდა, ათას რაღაცას იყო მოდებული, სულ ვეჩხუბებოდი, შვილო, ვერ გაუძლებ ამდენს, უნდა წამოხვიდე ერთ-ერთი სამსახურიდან, ან რაღაც შეცვალო შენი ცხოვრების სტილი, ცოტა დაისვენო, - თქვა თეონა თამაზაშვილმა.
მისი თქმით, არ იცოდა კომპანია "ზეგის" შესახებ, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. ოჯახი ამბობს, რომ თამარი ახალ სამსახურს მეგობართან ერთად ეძებდა. ბაჩალიაშვილის ბიძის მტკიცებით, თეთრიწყაროს რაიონი თამარისთვის უცნობი მხარე იყო და ამხელა გზაზე საკუთარი მოტივით არ წავიდოდა.
ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის პასუხები ცნობილი დაახლოებით ერთ კვირაში გახდება.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.