კეკელიძეზე მიმდინარე მშენებლობიდან მეუფე ანტონს 1,300 ათასი დოლარი აქვს აღებული

გამოქვეყნდა:

რა კავშირი აქვს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან - სამშენებლო კომპანია, რომელიც მრავალსართულიან კორპუსს უკვე წლებია აშენებს, მეუფე ანტონს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს და მის დაკითხვას ითხოვს. კორპუსი დაუსრულებულია და მას ამჟამად ყადაღა ადევს. ამხანაგობის თავმჯდომარის გარდაცვალების შემდეგ ბინების გასხვისების ყველა დოკუმენტაციაზე სწორედ მღვდელმთავრის ხელმოწერაა. 

საუბარია მილიონ დოლარზე მეტ თანხაზე, რომლის ნაწილიც ამხანაგობის წევრების თქმით, ეპარქიაშია გადარიცხული, ნაწილი კი ნაღდი ფულის სახით მეუფე ანტონს ხელზე აქვს აღებული.

 ნახევრად აშენებულ კორპუსს რამდენიმე ყადაღა ადევს, რისი მიზეზიც მშენებლობის დასრულებამდე ბინების გასხვისებაა. ამხანაგობის წევრებმა პროკურატურას საჩივრით რამდენიმე წლის წინაც მიმართეს, ამ დროსაც ყველა დოკუმენტზე მეუფე ანტონის ხელმოწერა ფიქსირდებოდა. ადვოკატ როინ გელაშვილის თქმით, მეუფე ანტონმა ამხანაგობიდან 1,300 ათასი დოლარი წაიღო.    

მეუფე ანტონი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ წლების წინ ნამდვილად უდასტურებდა ამხანაგობის აწ უკვე გარდაცვლილ თავმჯდომარეს ნანა ესაკიას ხელმოწერით იმას, რომ იგი ამ თანხებს ვანის და ბაღდათის ეპარქიას სწირავდა. 

გამოძიება საქმეზე დაწყებულია კოდექსის 183-ე მუხლით, რაც თანხების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. 

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი