
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კახეთში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერას აგრძელებს. პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი სოფელ კონდოლში ერთ-ერთი დაზარალებული ფერმერის ვენახში ჩავიდა და მევენახეებისგან ზიანის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 15 ივლისს მოსულმა სტიქიამ ვენახები და სასოფლო- სამეურნეო სავარგულები მთლიანად გაანადგურა. თუმცა, ხელისუფლება მათი პრობლემებით ამ დრომდე არ დაინტერესებულა.
"11 დღე გავიდა სტიქიის შემდეგ, არავინ დაინტერესებულა ამ ადამინების პრობლემებით, არავინ ჩასულა და არ უნახავს, რა ზიანი მიადგა თითოეულ მოქალაქეს", - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ზიანის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტაციას მთავრობის კანცელარიას წარუდგენენ და მთავრობას ზარალის ანაზღაურებას აიძულებენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გიორგი ბოტკოველის თქმით, დაზარალებულებს 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თავად დაეხმარებიან.
16 ივლისის სტიქიამ კონდოლის გარდა დააზარალა სოფლები გულგულა და ნაფარეული, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, სადაც სრულად განადგურდა სასოფლო სამეურნეო სავარგულები, საზამთროს ბაღები და ვენახები.