ამ კანონის მიღებით, ყველა შემდეგი ნაბიჯი დაგვაშორებს EU-ში გაწევრიანებას - ქალი მოჭადრაკეები 

გამოქვეყნდა:

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები "ოცნების" რუსული კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ ამ კანონის მიღებით, ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს -ევროკავშირში გაწევრიანებას.

"ჩვენ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები, უკიდურესად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის უცხოური აგენტების შესახებ, პირველი მოსმენით მიღების გამო. ამ კანონის მიღებით ჩვენი ქვეყანა ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას. სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის გზა რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას!

საქართველოს ადგილი ევროპაშია!",- ნათქვამია განცხადებაში. 

ამ განცხადებას ხელს აწერს საქართველოს ქალ მოჭადრაკე ნაკრების წევრები: ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია. 

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ "ოცნების" რუსული კანონპროექტი გუშინ პირველი მოსმენით დაამტკიცა.  კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა. 

პარალელურად ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, ძალადობით დააკავეს არაერთი მოქალაქე. გავრცელებული ცნობით, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც. 

დღეს მოქალაქეები რუსთაველზე 15:00 საათზე შეიკრიბებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი