
პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ოფისში ოპოზიციის ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიციონერების თქმით, პარტიის ლიდერს, რომელიც გუშინ პოლიციამ დააკავა, თავის არეში დაზიანებები აქვს მიღებული და ის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციასა და სამედიცინო კვლევებს საჭიროებს.
ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ ჯაფარიძის ფიზიკურ დაზიანებებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.
"ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომლის მთავარი იარაღი ყოველთვის იყო საუბარი, მივიდა სპეცრაზმთან და პოლიციელთან და ამ "იარაღს" ენას და საუბარს იყენებდა . მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა "დუბინკა" და მას უპასუხებს ფიზიკური ზიანით. ურტყეს, მიაყენეს ფიზიკური ზიანი და დააკავეს. ახლა მასთან იმყოფებიან ადვოკატები. მისი მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე გუშინ" ,- ამბობს ცოტნე კობერიძე "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ზურა ჯაფარიძესთან ამ დრომდე არცერთი ექიმი არ შესულა.
ოპოზიციონერები მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ზურა ჯაფარიძის მდგომარეობით.
"ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მას აქვს მიყენებული დაზიანებები თავის არეში და ის დაუყოვნებლივ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, საჭიროებს სამედიცინო კვლევებს, რომლის საშუალებაც არ არის იქ, სადაც ახლა იმყოფება. მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ზურა ჯაფარიძის მდგომარეობით",- თქვა "დროას" წევრმა, გიგა ლემონჯავამ
ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატის თქმით, მას ეტყობა ფიზიკური დაზიანების კვალი დაზიანებული აქვს სახე, თავში ჩაარტყეს სავარაუდოდ ხელკეტი.
"მას ესაჭიროება სამედიცინო შემოწმება, რომლის შესაძლებლობაც ცხადია დიღომში, მთავარ სამმართველოს არ აქვს, აუცილებელია მისი გადაყვანა კლინიკაში და შესაბამისი ანალიზების ჩატარება.
ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობას.
სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.
გამოძიება ასევე დაწყებულია ზურაბ ჯაფარიძის ცემის ფაქტზე." ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ჯაფარიძის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავა, როდესაც სპეცრაზმი მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდა. მისი მეუღლის ინფორმაციით, ჯაფარიძეზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა და მას დაზიანებებიც აღენიშნება, თუმცა როგორც ნატა ქორიძე წერს, იზოლატორში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენიათ.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე დიღმის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.