დღეს, 18:00 საათზე "მწავნეები" მოქალაქეებთან ერთად გმირთა მოედანზე, ზოოპარკის წინ შეიკრიბებიან და მოძრაობას ჩაკეტავენ. ორგანიზატორების თქმით, ადგილზე გადაადგილება დაახლოებით ნახევარი საათით იქნება ჩაკეტილი, შემდეგ კი აქციის მონაწილეები მარშით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
"გადავკეტოთ მოძრაობა გმირთა მოედანზე, გავაჩეროთ ქალაქი და ვნახოთ, ვისია ქვეყანა!
ჩვენ ძალიან გაბრაზებული ვართ და ვაცხადებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას!
არა რუსულ კანონს! დიდება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს, რომლისთვისაც ჩვენმა გმირმა წინაპრებმა მრავლად იბრძოლეს!
იპოვეთ გმირი საკუთარ თავში და გამოდით გმირთა მოედანზე, 18:00 საათზე! მოძრაობას ჩავკეტავთ დაახლოებით ნახევარი საათით, შემდეგ კი მარშით შევუერთდებით პარლამენტის წინ საერთო აქციას!
თავდაპირველად ვიკრიბებით ზოოპარკის წინ და გაგაცნობთ გეგმას!" - წერენ აქციის ორგანიზატორები.
ცნობისთვის, 19:00 საათზე დღეს, 9 მარტს პარლამენტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა ჯგუფები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ", "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადეს, რომ რუსულ კანონპროექტს გამოიწვევენ. მათივე თქმით, ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ რას ემსახურებოდა ეს კანონი, ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ, რათა ფართო საზოგადოებამ "სიმართლე" გაიგოს.