წაშლილი კვალი შაქარაშვილის საქმეში - ნიკა გვარამიას და ელისო კილაძის ჟურნალისტური გამოძიება

გამოქვეყნდა:

ახალი დეტალები 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ჟურნალისტ-გამომძიებელი, "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე დღეს იმ ადგილებში იმყოფებოდნენ, სადაც 18-19 ივნისის ღამით მოვლენები ვითარდებოდა. ვიდეოების სამი ეპიზოდი გადაცემაში "მთავარი აქცენტები" აჩვენეს

ლოკაცია N1 - დაბადების დღის ცენტრი

მცხეთაში მდებარე აგარაკზე, სადაც ანი გაბეჩავამ დაბადების დღე გადაიხადა, ახლა რემონტი მიმდინარეობს. ეს კი კვალის წაშლის იდეალური საშუალებაა. დაბადების დღის ცენტრის გვერდით მდებარე შენობის უკანა ეზოდან კი მდინარე არაგვზე გავდივართ.  

კიბე, სადაც ე.წ კიბის ეპიზოდი განვითარდა და ახალგაზრდები ჩბუბობდნენ, "ლიდერფუდის" მაღაზიის გვერდითაა. მისი კამერებიდან კი მხოლოდ 18-19 ივნისის ვიდეოჩანაწერებია ამოღებული. ამ დღიდან 26 ივნისამდე,  ანუ იმ დრომდე, როდესაც შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ჩანაწერები არ ამოუღიათ. 

ელისო კილაძის თქმით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი, რომელის დამალვასაც გამოძიება მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობს, "ჩხუბისა და სავარაუდო უკვე მკვლელობის დასაწყისის შემდეგ მოდის აქ [აგარაკზე]". ნიკა ჟვანია, თავის ჩვენებაში წერს, რომ "ლიდერფუდის" მარჯვნივ ჩაუხვია, მივიდა რკინის ჭიშკართან. დატოვა ორი პირი. თუმცა გამოძიება არ ეკითხება, ვინ დატოვა და რატომ დაბრუნდა აგრაკზე. კილაძე ამბობს იმასაც, რომ "დაახლოებიოთ, 18 წუთი აქვს მას ამ ტერიტორიაზე ასე ვთქვათ, სამუშაოდ, შემდეგ ბრუნდება და მიდის თბილისში. ჟვანია, რომელიც მხოლოდ ჩვენ გამოვაჩნეთ და რომელიც არსად არ ჩანს და ყველას ამოცანაა, რომ მერსედესზე საერთოდ არ ილაპარაკოს, ჟვანიაზე საერთოდ არ ილაპარაკოს და მგონი ახლა, საერთოდ გაგინიძესაც აქრობენ ამ საქმიდან. რასაც ვუსმენ, ბოლო შეცვლილი ჩვენებებით".

ლოკაცია N2 - "ქებაბ ჰაუსი" 

შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, იაკობ ბრეგვაძის სამალავის, "ქებაბ ჰაუსის" უკან სამანქანო გზაა, თუმცა გამოძიება სანაქანო გზასა და მანქანის ვერსიას საერთოდ არ განიხილავს. მანქანით კი მდინარე არაგვის პირას ჩასვლაა შესაძლებელი. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მდინარე არაგვში ჩავიდა. დადგინდა, რომ წყლის დონე მხოლოდ მუხლამდე აღწევს და ამ პირობებში, გამოძიებისთვის შაქარაშვილის მოსაძებნად ოთხი დღე საჭირო საერთოდ არ ყოფილა. წყალის დონე დაბალია და გარდაცვლილის შემჩნევა მდინარეში მარტივადაა შესაძლებელი.

ვერსია, რომ შაქარაშვილს ფეხი დაუცდა და კლდიდან ჩამოცურდა, მცდარია - ამას ადასტურებს სწორედ ნიკა გვარამიას ექსპერიმენტი. ამ კლდიდან გადმოვარდნის შემთხვევაში ადამიანი ადგილზე გარდაიცვლება. თუმცა ასეც რომ ყოფილიყო და ბოლომდე ჩაეღწია, მდინარემდე როგორ უნდა მისულიყო, არავინ იცის. ელისო კილაძე ამბობს, "რომც გადმოეგდოთ, წყალში ვერ მოხვდებოდა". 

ლოკაცია N3 - არაგვი და ე.წ. "ფერადი შენობა"

გადამწვარი ტერიტორია - ადგილი, სადაც საქმის "ოქროს მოწმე" გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, 18-19 ივნისის ღამის შემდეგ საეჭვო ვითარებაში გადაიწვა. გამოძიება ამბობს, რომ ვინმე ლ.ყ-მ, იქვე არსებული რკინის მილი მიიტანა და მისი დაჭრა დაიწყო. მილს დაჭრის მცდელობები ეტყობა. თუმცა ის გადამწვარი ტერიტორიიდან მოშორებით დევს და კვლავ გაურკვეველია, როგორ მიაღწია ცეცხლმა ამ ადგილიდან ე.წ. "ფერად შენობამდე". "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმით, ე.წ. "ფერად შენობას" "გამოკვლევის არაფერი ეტყობა". 

სამივე ეპიზოდის შეჯამებისას, ნიკა გვარამიამ და ელისო კილაძემ თქვეს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოსაძიებლად, ყველა საჭირო მტკიცებულება "ჩამონგრეულია". 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ "მთავარი არხის" გუნდთან ერთად იძიებს არა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას, არამედ იმას, თუ ვინ "ფარცხავს" ამ საქმეს. 

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი