ვფიქრობთ, რომ თვის ბოლომდე შაქარაშვილის საქმეს ბოლომდე მივიყვანთ - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ვფიქრობთ, რომ თვის ბოლომდე ამ [შაქარაშვილის] საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. გვარამია ამბობს, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტურ გამოძიებას შაქარაშვილის საქმეში პროკურატურა ფეხდაფეხ მიჰყვება. 

ხვალ და ზეგ, ვფიქრობთ, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ყოველ შემთხვევაში თუ ბოლომდე არა, ამ თვის ბოლომდე მაინც, ვგულისხმობ შაქარაშვილის საქმეს. ბოლომდე ჩვენ ვერ მივიყვანთ და განაჩენს ვერ დავადგენთ ცხადია. ვეცდებით, რომ ყველანაირად დავეხმაროთ გამოძებას, რომელიც, სხვათაშორის, ფეხდაფეხ მოგვყვება, პროკურატურის ნაწილში ვგულისხმობ და პოლიცია ზოგჯერ წიქარასავით სავარცხლებს გვიგდებს. ხან გიორგობიანს შემოგვწირავს, ხან ბალახებს გადაწვავს, ხან ნიახურზე მოგვიყვება, რომ რაღაც სხვას მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ გენერალური ხაზი, საითაც მივდივართ, არ გვეკარგება და საბოლოოდ გარდამტეხი აღმოჩნდა ექსპერტიზის დასკვნა, - ამბობს ნიკა გვარამია.

გვარამიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ "მთავარი არხის" გუნდთან ერთად იძიებს არა შაქარაშვილის მკვლელობას, არამედ იმას, თუ ვინ "ფარცხავს" ამ საქმეს. მან დაჩი ბუაძესა და ავთანდილ ბილანიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა: "მე ეს აჩემებული არ მაქვს, ისინი არიან ამ საქმის ჩაფარცხვის მთავარი ფიგურანტები. ამას იხილავთ ხვალ და ზეგ".

ნიკა გვარამიამ გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულ თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისთვის ეს საქმე კითხვის ნიშნებს აჩენს, განსაკუთრებით შაქარაშვილისა და ბევრი წინამდებარე საქმის გათავალისწინებით, როდესაც პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების სანდოობა "პრაქტიკულად ნულამდე დაეცა". მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმეს არ იძიებენ, გამოძიებას აყალბებენ და ამ საქმეში ყველა და ყველაფერი ჩარეულია. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

თამარ ბაჩალიაშვილი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი