გამოხატვის თავისუფლება დაპატიმრებულია: ვითარება საქართველოში უარესდება - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ლიეტუვური გამოცემა "ალფა", რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა ნიკა გვარამიას მეუღლესთან სოფო ლილუაშვილთან.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება უარესდება, ხელისუფლება კი აშკარად უარს ამბობს პროდასავლურ კურსზე. ინტერვიუს მთავარი თემა ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა და ის შედეგებია, რაც ქვეყანამ კრიტიკული მედია მენეჯერის პატიმრობით მიიღო, კერძოდ, უარი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე.
გამოცემის ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაშია ახლა საქართველოში მედია.
სოფო ლილუაშვილმა დეტალურად განუმარტა უცხოურ გამოცემას ის რეალობა, რაც ახლა საქართველოშია - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხელისუფლებისგან, მიკერძოებული და მართული სასამართლო სისტემა, ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ზეწოლის მცდელობა და კრიტიკული მედია საშუალებების ხმის ჩახშობის მცდელობა. ამ ყველაფრის ნათელი დადასტურება კი სწორედ ნიკა გვარამიას პატიმრობაა.
"ჩემი მეუღლის ციხეში ყოფნის დროს საქართველო ელოდა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მიიღო რეკომენდაციების სია, რომელთა შორის ცალკე პუნქტად ჩემი მეუღლის შემთხვევა იყო მოხსენიებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი არ არის ნახსენები, რეკომენდაციები ხაზს უსვამს მედიის მფლობელების უსაფრთხოებისა და დევნისგან თავისუფლების აუცილებლობას და ჩემი ქმარი მედიის ერთადერთი მსჯავრდებული მფლობელია.
რატომ გადაწყვიტა ჩვენმა ხელისუფლებამ დარტყმა მიეყენებინა პრესის თავისუფლებისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის, როცა კანდიდატურის საკითხი წყდებოდა? იმიტომ რომ პრორუსები არიან და ეს მათ ქმედებებში და სიტყვებშიც ჩანს. მათ არ სჭირდებათ დასავლეთი, მათ არ სჭირდებათ ევროპა."
- როგორია მედიის მდგომარეობა თქვენს ქვეყანაში?
სიტუაცია ნამდვილად უარესდება. ჩემი მეუღლის საქმე გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლის, სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობისა და პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითია. ჩემი მეუღლის პატიმრობა არ არის მხოლოდ პირადად მის მიმართ ქმედება - ის მიზნად ისახავს დიდი და გავლენიანი სატელევიზიო არხის გაჩუმებას. იზრდება ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები.
თქვენ ლიეტუვაში შეხვდით ჩვენს პოლიტიკოსებს. იყო თუ არა თქვენი ვიზიტი ვილნიუსში წარმატებული?
ვიგრძენი, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლაში მარტო არ ვარ. ლიეტუველებმა მკაფიო მხარდაჭერა გამომიცხადეს და მოტივაცია გამიჩინეს, ბრძოლა გამეგრძელებინა გამარჯვებამდე - ჩემი მეუღლის გათავისუფლებამდე. მალე ვაპირებ გამგზავრებას ბრიუსელში, აშშ-ში და სხვაგან. ეს არის ჩემი მისია. ჩემი ქმარი ტყვეობიდან იბრძვის და მე ამას აქ ვცდილობ." ვკითხულობთ ინტერვიუში სოფო ლილუაშვილთან.
სოფო ლილუაშვილი ლიეტუველ პოლიტიკოსებსაც შეხვდა, რომლებმაც მას მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას უერთდებიან ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტები. მათ აშშ -ში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს შეიწყალოს ნიკა გვარამია
იხილეთ ასევე: