"ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ერთიანი პოლიტიკური ბლოკი დააარსეს. ბლოკს "სტრატეგია აღმაშენებელი" ერქმევა და ის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "ძალა ერთობაშია" ინფორმირებულია. მისი თქმით, ოპოზიციას არჩევენებზე ერთიანი ფრონტის შენარჩუნება სჭირდება, თუმცა "გამარჯვების ფორმულა" მრავალფეროვნებაშია.
დიახ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება - სტრატეგია აღმაშენებელი, რომელშიც ამ ეტაპზე შედის სამი სუბიექტი: "ახალი საქართველო", "კანონი და სამართალი" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა წარვუდგინე... არჩევანი ძალიან მარტივია, აღმშენებლობა თუ დამსხვრეული ოცნებების პარტია, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ლიდერებმა განაცხადეს, რომ 30 ივლისს საზოგადოებას საარჩევნო პროგრამას გააცნობენ, სადაც იმ ადამიანებსაც წარადგენენ, რომლებიც გართიანებას შეუერთდებიან. მათი თქმით, მოლაპარაკება ბევრ ადამიანთან ჰქონდათ და ბლოკი ჩაკეტილი არაა.
ჩემთვის, მე რასაც ვუყურებ, რამოდენიმემ თითზე ჩამოსათვლელი პრაქტიკოსი პოლიტიკოსები ვიცი, ამიტომ შევაჩერე ჩემი პიროვნული ყურადღება კარგა ხანია ამ ადამიანზე, მართლა ფუფუნებაა საქართველოსთვის ასეთი პრაქტიკოსი პოლიტიკოსი, - თქვა თაკო ჩარკვიანმა.
მანამდე "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს. შეგახსენებთ, რომ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს ამ დრომდე განაგრძობს გაერთიანებული ოპოზიცია.