"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებები" გაშიფრეს. მისი მტკიცებით, ამ დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები 7-8 მარტს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე.
პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ "ფრანკლინიკს კლუბს" თავს ირაკლი კობახიძე დაესხა და თქვა, რომ ის უცხოური გავლენის აგენტია, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება.
"გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც. სწორედ ამ დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად ნაც-მოძრაობასთან, გირჩი მეტი თავისუფლებასთან, სირცხვილიასთან და დროასთან ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა "ფრანკლინის კლუბის" აქტიურობა. "ფრანკლინის კლუბი" არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერი არის ამერიკული ორგანიზაცია Atlas Network-ი, რომელიც წარსულში არაძალადობრივი და ძალადობრივ პროტესტის აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ასევე აქტიურად მუშაობდა Brexit-ზე ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე", - თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგისას.
მისივე განცხადებით, კლუბი "პოლიტიკური აქტივიზმისთვის" ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების "რეკრუტირებას", ამისთვის კი "თავისუფალი უნივერსიტეტსა" და "საქართველოს უნივერსიტეტს" იყენებს.
"ფრანკლინის კლუბი პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზება წარმოებს არსებულად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე, ესენია, კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული "თავისუფალი უნივერსიტეტი" და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული "საქართველოს უნივერსიტეტი". აქტივობებისთვის "ფრანკლინის კლუბი" აქტიურად იყენებს "საქართველოს უნივერსიტეტის" ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოთ აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია და აგრეთვე სხვა რეაქციონერული ნაციონალები. როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. ფრანკლინის კლუბში ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან. გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდების დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა. ექსტრემისტული აქტივობები, ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარფისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოში არის აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორებიც არის წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმთან ყვავილების მიტანა და ასე შემდეგ", - ამბობს ირაკლი კობახიძე
შეგახსენებთ, რომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართული აქციებისა და კრიტიკის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა კანონპროექტები ჩაეგდო. 7-8 მარტს აქციის დასაშლელად ხელისუფლებამ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი გამოიყენა.
მშვიდობიან პროტესტში აქტიურად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, მათ შორის სტუდენტები. კობახიძემდე ახალგაზრდების წინააღმდეგ განცხადებები ღარიბაშვილმა გააკეთა:
ასევე იხილეთ: