"ის მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს" - ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილზე კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას პუტინის პირადი პატიმრების, მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარა -მურზას ოჯახის წევრები და ევროპარლამენტარები დაესწრნენ.   

"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე ორი ვადით იყო, რეფორმატორმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა, გარდაქმნა საქართველოს საზოგადოება და ეკონომიკა. ის შეებრძოლა კორუფციას და ენერგია შთაბერა ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილი დააპატიმრეს და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას შემდეგ ის ციხეში იმყოფება და მისი ჯანმრთელობა უარესდება. მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა. ის ახლა 62 კილოგრამს იწონის." - თქვა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა. 

სტრასბურგში იმყოფება  მაგნიტსკის სიის მთავარი ავტორი  უილიამ ბროუდერიც, რომელიც ამბობს, რომ პუტინი სააკაშვილის წინააღმდეგ პერსონალურ ვენდეტას აწარმოებს. მისის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს წამებით კლავენ.

"მე არ ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს პირადად, მაგრამ როგორც ყველამ, მეც ვიცოდი, თუ როგორი რეფორმატორი იყო ის, განსაკუთრებით გაოგნებული კი იმ წინააღმდეგობით დავრჩი, რომელიც მან 2008 წელს პუტინს გაუწია, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. პუტინი იმდენად იყო მასზე გამწარებული, რომ საჯაროდ თქვა, რომ მას გენიტალიებით ჩამოკიდებდა და მას შემდეგ ის სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ვენდეტას ახორციელებს. 

2012 წელს სააკაშვილმა მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, 2021 წელს კი ისევ დაბრუნდა სამშობლოში, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს შეთითხნილი პოლიტიკური ბრალდებებით, ციხეში კი მოწამლეს. 

ის ახლა სიკვდილის პირასაა. როდესაც მე მისი ფოტოები ვნახე, გაოგნებული ვიყავი, იმიტომ რომ სერგეი მაგნიტსკი გამახსენდა. მე მაშინ ამის შესახებ ვისაუბრე და სააკაშვილმა წერილი მომწერა, რომელშიც დახმარება მთხოვა. სწორედ ამიტომ ვარ აქ და ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა, მის გადარჩენაში წვლილი შევიტანო. ეს საჩქარო საქმეა, რადგან ის მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს - თქვა ბროუდერმა.

 "ჩვენ გვაქვს ბევრი ბერკეტი, რომ ზეწოლა მოვახდინოთ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ნათლად უნდა დავაფიქსიროთ, რომ არ შეიძლება იყოს საუბარი არანაირ ევროპულ პერსპექტივაზე თუ სააკაშვილი ცოცხალი არ იქნება. ეს გზავნილი უნდა გავავრცელოთ ახლავე, სანამ გვიანი არ არის" - ამბონს სერგეი ლაგოდინსი, ევროპარლამენტარი. 

კონფერენციას ესწრებოდა მესამე პრეზიდენტის ოჯახიც. 

"ჩემი შვილის ოცნება იყო, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის წევრი გამხდარიყო, რაც ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნება იყო. ის სტუდენტი იყო, როდესაც საქართველო ეუთოს წევრი გახდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციას შეუერთდა და მიხეილ სააკაშვილი შეპყრობილი იყო იდეით, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილად ექცია. იმ დროს საქართველო ჩაძირული იყო კორუფციაში, ჩვენი განათლების სისტემა იყო დაფუძნებული კორუფციაზე, სამედიცინო სისტემა იყო დაფუძნებული ქრთამებზე და მისი მიზანი ამის შეცვლა იყო, რაც მას მოახერხა." აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას გიული ალასანიამ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი