პუტინის პატიმრები - ამ სახელწოდებით დებატებს ევროპარლამენტში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი, ედუარდ სააკაშვილი დაესწრო. მან მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და რომ უკვე ხელისუფლებაც აღიარებს მდგომარეობის სიმძიმეს
ედუარდ სააკაშვილმა ევროპარლამენტსა და დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
"როდესაც მან ხელისუფლება დემოკრატიული გზით გადააბარა, ქვეყნიდან წავიდა და რამდენიმე წელი დევნილობაში გაატარა, ის ცხოვრობდა უკრაინაში, ბოლოს პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი იყო, მაგრამ სულ უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობდა საქართველოში დაბრუნებაზე. ჩვენ ყველანი ამის წინააღმდეგი ვიყავით, იმიტომ რომ ვიცოდით, რა გამოვიდოდა აქედან. ვიცოდით, რომ მას დააპატიმრებდნენ, თუმცა ჩვენ არ ვიყავით მზად იმისთვის, რასაც ახლა ვხედავთ - რომ ის ახლა სიცოცხლისთვის იბრძოლებდა.
მე მასთან შესვლის შესაძლებლობას ყოველთვის არ მაძლევენ, მაგრამ, როდესაც მაძლევენ, აშკარაა, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება. რამდენიმე თვის წინ საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, რომ მამაჩემი ასტიმულირებდა, რომ მას უბრალოდ ციხიდან უნდოდა თავის დაღწევა. ცოტა ხნის წინ კი მათ ტონი აშკარად შეცვალეს. ცოტა ხნის წინ საავადმყოფომ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, თავად გამართა პრესკონფერენცია და აღიარა, რომ დიახ, ის არის მძიმე მდგომარეობაში და მისი ჯანმრთელობა უარესდება. ასე რომ, ახლა მთავრობა უკვე აღიარებს, რომ ყალბი ამაში არაფერია და რომ სააკაშვილის მდგომარეობა რეალურად მძიმეა, თუმცა, იქვე ამატებენ, რომ ეს თვითმკვლელობაა და რომ მამაჩემი შეგნებულად აყენებს ზიანს საკუთარ თავს.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ასე არ არის. მამაჩემი სიცოცხლისთვის იბრძვის და ჩვენ გვინდა, რომ მას ამაში დავეხმაროთ.
როდესაც ის დააპატიმრეს, ჩვენ ვიცოდით, რომ საქმე გვქონდა ძალიან ძლიერ და ჯიუტ მთავრობასთან, რომელსაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მისი ციხეში დატოვება დიდი ხნით, მაგრამ ახლა იმედი მოგვეცა, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა ვიგრძენით, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს. როდესაც მამაჩემი გათავისუფლდება და მას მკურნალობის საშუალება მიეცემა, ეს იქნება ამ ოთახში მსხდომი ადამიანების წყალობით და ასევე სხვების წყალობით, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა. ამიტომ, მე უსაზღვროდ მადლობელი ვარ", - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.
ევროპარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას პუტინის პირადი პატიმრების, მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარა -მურზას ოჯახის წევრები და ევროპარლამენტარები დაესწრნენ. დებატებში მონაწილეობდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი - პეტრე ცისკარიშვილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.
იხილეთ ასევე: